pmtc@pmtc.org.ge (+995) 599 15 68 63
მოძრაობა „შეაჩერე კორუფცია”-პასუხი თავდაცვის სამინისტროს.

გუშინ P.S -ში გასულ მასალაზე, რომელიც შეეხებოდა 10 მილიონი ლარის ხარჯვას, თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი, რომლითაც კიდევ უფრო უხერხულ მდგობარეობაში ჩაიგდო თავი.

მათ განაცხადეს:

  1. ხელშეკრულების დანართი არის საიდუმლო, ხოლო ხელშეკრულება არ არის საიდუმლო;
  2. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 10 მილიონი ლარის გამარტივებული წესით შესყიდვაზე;
  3. ჩვენ მივეცით 10 მილიონი შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ და რომ მიგვეცა კერძო კომპანიისთვის, მეტი შეკითხვები იქნებოდა;
  4. ელექტრონული ტენდერები რომ ჩაგვეტარებინა, შეიძლება ვერ მოგვესწრო ბიუჯეტის ათვისება 2016 წლის ასიგნებებიდან.

გვინდა პუნქტობრივად განვუმარტოთ თავდაცვის სამინისტროს, რომ

 

  1. ხელშეკრულების დანართები არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, ერთმანეთის დამოუკიდებლად ორივე დოკუმენტი მოკლებულია ყოველგვარ აზრს. ხელშეკრულებას, თავის დანართებიანად, ან ადევს „გრიფით საიდუმლო“, ან არა!!!
  2. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გამარტივებული წესით შესყიდვაზე მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციებში არსებულ ამა თუ იმ შესყიდვაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვის შემდეგ. რადგანაც ამ ხელშეკრულებას ადევს „გრიფით საიდუმლო“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა აქვს უფლება, მიეცა, ან არ მიეცა თანხმობა, ელემენტარული მიზეზის გამო: სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად ( თავი 1, მუხლი 1, პარაგრაფი 3), სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა!!!
  3. შეკითხვები ბიუჯეტის ხარჯვასთან მიმართებით ნაკლებია, თუ ხელშეკრულებები იდება ღია, გამჭვირვალე, კონკურენტული ტენდერების გზით.
  4. ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში უწყების შიში 10 მილიონი ლარის ათვისების პრობლემაზე მიუთითებს მენეჯმენტის სერიოზულ პრობლემებზე თავდაცვის სამინისტროში.

მზადყოფნას გამოვთქვამთ, კონსულტაციები გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს ტენდერების ჩატარებაში, რაც განაპირობებს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას. ასევე, დავეხმარებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თუ როგორ უნდა მოხდეს თანხების ათვისება. გავარკვევთ კანონმდებლობაში (იგულისხმება „გრიფით საიდუმლო“ და სტანდარტული მომსახურების შესყიდვების პროცედურები), რადგან, როგორც ჩანს, ამ მხრივ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე 10 მილიონის მართლზომიერად ათვისება.

მოძრაობა „შეაჩერე კორუფცია“